Accessibility links

logo-print

ეუთოს წარმომადგენლები ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ


თბილისში იმყოფებიან ეუთოში აშშ-ის, კანადის, ლიტვის, რუმინეთისა და შვედეთის მუდმივი წარმომადგენლები, რომლებიც დღეს შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. მისი პრესამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დღის წესრიგის საკითხები იყო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ეუთოში აშშ-ის, კანადის, ლიტვის, რუმინეთისა და შვედეთის მუდმივი წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუასაც. სამინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის გავლების და რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმების საკითხებზე. დავით დონდუას განცხადებით, რუსეთის მოქმედებები საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დაინტერესებულია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთოს მონაწილეობის გაზრდით, მათ შორის, საქართველოში ორგანიზაციის სრულფასოვანი მისიის აღდგენის გზით, რაც რუსეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო ვერ ხერხდება. დავით დონდუა მიესალმა ეუთოს, როგორც თანათავმჯდომარის მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების საპასუხოდ, რუსეთის მხრიდანაც ძალის გამოუყენებლობის იურიდიული ვალდებულების აღებისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას და დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მნიშვნელობას.

XS
SM
MD
LG