Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“-ის საქმე საქალაქო და საკონსტიტუციო სასამართლოებში


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, "რუსთავი 2"-ისა და მისი მფლობელი შპს ტელეკომპანია „საქართველოს" სარჩელის საფუძველზე, შეაჩერა კანონმდებლობის ის ნორმა, რომელიც დაუყოვნებლივ აღსრულებას ითვალისწინებს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და მისი მფლობელების ადვოკატებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 26 ოქტომბერს მიმართეს. კომპანიის იურისტების შეფასებით, სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის მუხლი დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ მოპასუხე მხარეს არ აძლევს საშუალებას ისარგებლოს კონსტიტუციით მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის თავმჯდომარე მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე შემდეგი განმარტება გააკეთა:

„შეჩერდეს საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ზ ქვეპუნქტის მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სხდომის დარბაზში გამოცხადების მომენტიდან“.

საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და მის მფლობელთა ადვოკატების 26 ოქტომბრის სარჩელს, რომლითაც ადვოკატებმა, საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესის პარალელურად, მოითხოვეს დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის მუხლის შეჩერება, ვინაიდან, მათი მტკიცებით, მოპასუხე მხარეს არ ეძლევა საშუალება ისარგებლოს კონსტიტუციით მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და სასამართლო დემოკრატიის გადამრჩენლად მოიხსენია:

„დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაარჩინა საქართველოში დემოკრატია და სრულიად დაუკარგა შინაარსი მოსყიდული ზონდერ-მოსამართლის, ურთმელიძის, გადაწყვეტილებას“.

ნიკა გვარამია აქვე უკრაინულენოვან ინტერნეტსაიტზე გამოქვეყნებულ მორიგ ჩანაწერსაც გამოეხმაურა. ჩანაწერი მოიცავს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას შორის საუბარს. გვარამიას თქმით, შესაძლოა ჩანაწერი დამონტაჟებული იყოს და ეს აჩენს ეჭვს მის ავთენტურობასთან დაკავშირებით.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში პრობლემას ხედავს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომლის თქმითაც, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ ბანკებს და ბიზნესს შესაძლოა პრობლემები შეუქმნას:

„ვშიშობ, რომ ძალიან უარყოფით გავლენას იქონიებს ბანკებზე, რომლებსაც აღარ შეეძლებათ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციონ ესა თუ ის გადაწყვეტილება და, ზოგადად, ტრანზაქციებისთვის და კერძო სექტორისთვის ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. სხვა მხრივ, ამ გადაწყვეტილებით აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის არაფერი საგანგაშო არ ხდება - „რუსთავი 2“ არის და იქნება ჩვენთან ერთად. აქედან გამომდინარე, ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება ვერაფერს ვერ ცვლის“.

ეს იდეა ზუსტად „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს, როცა გაჟღერდა, რომ თითქოს ვაპირებდით დაუყოვნებლივ აღსრულებას, თითქოს ვაპირებდით სპეცრაზმით შესვლას. ეს არის კიდევ ერთი აბსურდი, რასაც ვისმენთ, რაც ჩვენ სასამართლოში არ მოგვითხოვია...
პაატა სალია

საკონსტიტუციო სასამართლოს პარალელურად, საქალაქო სასამართლოში გრძელდება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილების მოთხოვნით ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვა. სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პაატა სალიამ განმარტა, რომ მათ სასამართლოსთვის დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნა არ ჰქონიათ:

„ჩვენ არასოდეს წაგვიყენებია და არ ვაპირებდით დაუყოვნებლივი აღსრულების გზით წასვლას. ეს იდეა ზუსტად „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს, როცა გაჟღერდა, რომ თითქოს ვაპირებდით დაუყოვნებლივ აღსრულებას, თითქოს ვაპირებდით სპეცრაზმით შესვლას. ეს არის კიდევ ერთი აბსურდი, რასაც ვისმენთ, რაც ჩვენ სასამართლოში არ მოგვითხოვია“.

„რუსთავი 2“-ის ადვოკატის ზაზა ბიბილაშვილის თქმით კი, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, ის გვერდს მაინც ვერ აუვლის კანონს და კეთილსინდისიერად შეძენილ წილებს ამჟამინდელ მესაკუთრეს ვერ ჩამოართმევს.

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლოს პროცესი 3 ნოემბერს გაგრძელდება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG