Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენტონი ბლინკენი: "ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა"


ვაშინგტონში, საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ენტონი ბლინკენმა დაადასტურა ვაშინგტონის მხარდაჭერა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მიმართ. “ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება“ - განაცხადა ბლინკენმა. მან აშშ-ის სახელით საქართველოს მადლობა გადაუხადა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის და პატივი მიაგო მისიის შესრულებისას დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. "საქართველოს მომავლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ ქართველმა ხალხმა. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარი ომამდელ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად დაშვება“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. მისივე თქმით, აშშმიესალმება რუსეთის პროვოკაციული ქმედებების საპასუხოდ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც მიზნად ისახავს კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარებას. „მსოფლიოს სჭირდება მშვიდობიანი და აყვავებული საქართველო” - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ენტონი ბლინკენმა.

XS
SM
MD
LG