Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ ძლიერია


საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ ძლიერია და ორივე მხარე სრულად აცნობიერებს ამ თანამშრომლობისა და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას - ამის შესახებ ვაშინგტონში, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანოს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების,ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისმხარდაჭერისათვის. "ჩვენ ყოველდღე ვართ მოწმენი მცოცავი ანექსიისა, რაც გამოიხატება ტერიტორიების მილიტარიზაციით, ე.წ. საზღვრების გავლებით და საოკუპაციო რეჟიმებთან ხელშეკრულებების გაფორმებით, ეს კი საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მან ისაუბრა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და იმედი გამოთქვა, რომ ვარშავაში, ნატოს სამიტზე სათანადოდ შეფასდება ქვეყანაში წარმატებით განხორციელებული რეფორმები. გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა განაგრძოს წვლილის შეტანა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აშშ-ის განსაკუთრებულ როლს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების პროცესში და განმარტა, რომ ეფექტური რეფორმებით საქართველომ მიაღწია კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას, გამჭვირვალობას, ეფექტიან მმართველობას და მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით.

XS
SM
MD
LG