Accessibility links

EBRD-ის მთავარ ეკონომისტად დაინიშნა კრემლის კრიტიკოსი


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) რუსეთის მთავრობის ყოფილი მრჩეველი და კრემლის კრიტიკოსი დაასახელა მის მთავარ ეკონომისტად. ლონდონში განთავსებულმა ბანკმა 3 ნოემბერს განაცხადა, რომ 44 წლის სერგეი გურიევი ორგანიზაციას 2016 წლის შუა პერიოდში შეუერთდება, მას შემდეგ, რაც დაასრულებს პარიზში სალექციო კურსის კითხვას. გურიევს კავშირები აქვს იუკოსის ყოფილ ხელმძღვანელთან, მიხაილ ხოდორკოვსკისთან და ოპოზიციის აქტივისტთან, ალექსეი ნავალნისთან. ის იყო პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის კაბინეტის მრჩეველი და მოსკოვის ახალი ეკონომიკური სკოლის რექტორი მანამ, სანამ 2013 წელს საფრანგეთში გაიქცეოდა, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნის საშიშროების გამო იმისთვის, რომ ეკონომისტი აკრიტიკებდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დაარსდა 1991 წელს, პოსტკომუნისტური ქვეყნების საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესის ხელშეწყობის მიზნით. გასულ წელს მან შეწყვიტა ინვესტიციების განხორციელება რუსულ პროექტებში, გამომდინარე იმ სანქციებიდან, რომლებიც ევროკავშირმა დააწესა უკრაინის კონფლიქტის გამო.

XS
SM
MD
LG