Accessibility links

logo-print

თანამდებობები დატოვეს მერიის სამსახურების უფროსებმა, გიორგი არეშიძემ და ბიძინა გიორგობიანმა


თანამდებობები დატოვეს თბილისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელმა ბიძინა გიორგობიანმა. დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ გიორგი არეშიძემ გადაწყვეტილება თავად მიიღო, რადგან საქმიანობას კერძო სექტორში აპირებს. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის, გიორგი არეშიძის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი არაავტორიზებული სასწავლებლის მიერაა გაცემული. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორმა“ პროკურატურას მიმართა, რომ არეშიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და მითვისების ფაქტზე. გიორგი არეშიძეს თანამდებობის დატოვება ოქტომბრის დასაწყისში ურჩია მისმა სიძემ, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ არეშიძის მიმართ დაწყებული კამპანია, რეალურად მის წინააღმდეგაა მიმართული და არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გამწვავდება.

XS
SM
MD
LG