Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კესტუტის იანკაუსკასი: რუსეთის მიერ წვრთნა და აღჭურვა ადრინდელზე უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს


საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, კესტუტის იანკაუსკასის ინფორმაციით, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. შეიარაღებული ძალების წვრთნა და აღჭურვა ადრინდელზე უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს. თბილისში, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას იანკაუსკასმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის ხაზის მეორე მხარეს უსაფრთხოების სიტუაცია რუსეთის ფედერაციასთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებების საფუძველზე ყალიბდება. "ბოლო თვეებში ვითარება შედარებით მშვიდია, მაგრამ ზაფხულში სირთულეებს წავაწყდით, როცა სოფელ ხურვალეთთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები განთავსდა და ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა აფხაზეთში, მდინარე ენგურთანაც“ - განაცხადა იანკაუსკასმა. მისივე თქმით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ყველა მონაწილისა და ჟენევის დისკუსიების წყალობით სიტუაცია კონტროლქვეშ დარჩა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, წელს სამხრეთ ოსეთში ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით 124 ადამიანი დააკავეს, აფხაზეთში კი მსგავსი ფაქტები შედარებით მცირეა. სხდომაზე გამოსვლისას იანკაუსკასმა ისაუბრა პრობლემებზეც, რომლებიც აფხაზეთში ექმნებათ სამეგრელოს რეგიონის სკოლებში სწავლის მსურველ მოზარდებს.

XS
SM
MD
LG