Accessibility links

ხალვაშის განცხადებით, თუ სასამართლო დავას მოიგებს, წილის ნახევარს დაუთმობს "რუსთავი 2"-ის ყოფილ მფლობელებს


თუ „რუსთავი 2“-ის გამო მიმდინარე სასამართლო დავას ყველა ინსტანცია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვეტს, ის წილის ნახევარს დაუთმობს ტელეკომპანიის დამფუძნებლებს და ყოფილ მფლობელებს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა თავად ქიბარ ხალვაშმა. ბიზნესმენის თქმით, მისი მიზანია არა მხოლოდ "რუსთავი 2"-ის დაბრუნება, არამედ სამართლიანობა აღდგენა ყველასთვის, ვინც სააკაშვილის რეჟიმმა დააზარალა. ხალვაშის განცხადებითვე, კომპანია იქნება პარიტეტულ საწყისებზე, მის მართვაში მონაწილეობას არ მიიღებს და ამ საქმიანობას პროფესიონალები წარმართავენ. ამავე პრესკონფერენციაზე „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა და ყოფილმა მფლობელმა ჯარჯი აქიმიძემ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ უფლებების აღდგენაზე საუბრის დაწყებამდე ის, დავით დვალი და ქიბარ ხალვაში შეთანხმდნენ სამ პუნქტზე, რომლის დაცვის შემთხვევაში მათი თანამშრომლობა შესაძლებელი იქნებოდა. შეთანხმების პირველი პუნქტით, „ტელევიზია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, როგორც სახელისუფლებოს ისე ოპოზიციურს, სარედაქციო საქმიანობას წარმართავს ზოგადსაკაცობრიო და დემოკრატიული ფასეულობების შესაბამისად და ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებზე დაყრდნობით.“ მეორე პუნქტის თანახმად, „ტელევიზია არასდროს გახდება მხარე პოლიტიკური ვითარებისას, იქნება ობიქტური, ექნება ობიექტური და კრიტიკული საინფორმაციო პოლიტიკა და მნიშვნელოვნად წარმოდგენილი ანალიტიკური და საგამოძიებო ჟურნალისტიკა.” მესამე პუნქტით, “ტელეკომპანია არ დაფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით, პარტიების შემოწირულობით და პოლიტიკური დაკვეთით, რაშიც არ იგულისხმება ფასიანი პოლიტიკური, წინასაარჩევნო რეკლამა. ტელეკომპანია იარსებებს მხოლოდ კომერციული შემოსავლებით და ეს იქნება მისი დამოუკიდებლობის გარანტი."

XS
SM
MD
LG