Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღასრულა "რუსთავი 2”-ის შესახებ სასამართლოს განჩინება


ტელეკომპანია "რუსთავი 2”-ის დროებით მმართველებად დავით დვალის და რევაზ საყევარიშვილის დანიშვნის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება აღასრულა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. მისი ინფორმაციით, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელმა პაატა სალიამ 5 ნოემბერს მიმართა და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. სააგენტოს ცნობითვე, განცხადებას თან ერთვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინება, 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ. განჩინების თანახმად, კომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეთა ინტერესების დასაცავად, დავის მიმდინარეობისას კომპანიის ფინანსებისა და ქონების შენარჩუნების და "რუსთავი 2"-ის ნორმალურად ფუნქციონირების გაგრძელების უზრუნველსაყოფად და მისი ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის მიზნით, მოსამართლემ დროებითი მმართველები დანიშნა. ამავე განჩინებით, ყველა სხვა პირს უფლებამოსილებები დროებით შეუჩერდა სასამართლოს მიერ დროებითი მმართველის დანიშვნიდან ამ გადაწყვეტილებისგაუქმებამდე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, განჩინება ექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ აღსრულებას და შესაბამისად, დროებითი მმართველის უფლებამოსილებები და დადგენილი შეზღუდვები აისახა სამეწარმეო რეესტრში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესით,2015 წლის 6 ნოემბერს აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება. სააგენტოს განცხადებითვე, მისი გადაწყვეტილების გასაჩივრება აქტის გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაშია შესაძლებელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

XS
SM
MD
LG