Accessibility links

თბილისში შიმშილობის აქცია დაიწყეს "პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებმა


"პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი და მისი თანაპარტიელები ადა მარშანია, ემზარ კვიციანი და გიორგი ლომია შიმშილობენ თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან. ირმა ინაშვილმა სააგენტო "ინტერპრესნიუსს" აცნობა, რომ აქციას შეუერთდა „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერი ლევან თედიაშვილი. შიმშილობის აქციის მონაწილეები თავდაცვის და გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრების - თინა ხიდაშელის და გიგლა აგულაშვილის - გადადგომას და საარჩევნო გარემოს შეცვლას მოითხოვენ. „პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებით, თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი პირადად მონაწილეობდნენ საგარეჯოს ოლქში 31 ოქტომბერს ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, საგარეჯოს ოლქში ხმების 49,5%-ით გაიმარჯვა კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა, მეორე ადგილზე კი ხმების 45,83%-ით გავიდა „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ირმა ინაშვილი. „სასამართლო მიმდინარეობს და შეგვიძლია დაველოდოთ“, - ასე გამოეხმაურა დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მისი და გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის გადადგომის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ მოთხოვნას.

XS
SM
MD
LG