Accessibility links

logo-print

თამაზ ურთმელიძემ უარი თქვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ, რომელმაც 3 ნოემბერს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვიტა სამოქალაქო დავა „რუსთავი 2“-ის მფლობელობის შესახებ, 5 ნოემბრის განჩინებით კი, ტელეკომპანიას დროებითი მმართველები დაუნიშნა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განცხადებაში, რომელიც იუსტიციის საბჭოს წევრებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ გააცნო, ნათქვამია, რომ ცალკეულ საკითხზე მისი შეხედულებები ასახულია შუალედურ განჩინებაში, საქმის არსებითად გადაწყვეტის არგუმენტები კი საბოლოო, შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში აისახება. გარდა ამისა, მოსამართლე მიუთითებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ნებისმიერი მოქალაქე ვალდებულია იზრუნოს სასამართლოს რეპუტაციაზე. "კონკრეტული საქმის გამო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლეთა წარდგომა და საზოგადოებაში დაგროვილ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, პირდაპირ თუ არაპირდაპირ დატოვებს კონკრეტულ საქმეზე მოსამართლის მიერ ანგარიშის ჩაბარების შთაბეჭდილებას, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს სასამართლოს ავტორიტეტს და შექმნის მომავალში ანალოგიურის განმეორების სახიფათო ტენდენციას“, - ნათქვამია თამაზ ურთმელიძის განცხადებაში. მოსამართლე საჭიროდ მიიჩნევს საზოგადოებას არ შეუქმნას არასწორი წარმოდგენები და არ დაესწროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ გასულ კვირაში გამოთქვა იმედი, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე დაესწრებოდა 9 ნოემბრისთვის მოწვეულ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას.

XS
SM
MD
LG