Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფედერიკა მოგერინიმ მიმართა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს


თბილისში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით, "გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში." კონფერენციას ევროკავშირსა და გაეროსთან თანამშრომლობით ატარებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ინსტიტუტების ოფიციალური პირები, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონის ქვეყნების 250-მდე წარმომადგენელი სამთავრობო, არასამთავრობო და აკადემიური წრეებიდან და გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და ნატოს წარმომადგენლები. კონფერენციის დღის წესრიგშია ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება, ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა და ქალთა როლის გაზრდა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში. კონფერენციის ამოცანაა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების გაძლიერების საკითხებზე პერიოდული დიალოგის პრეცედენტის შექმნა და გამოცდილების გაზიარება. საერთაშორისო კონფერენცია მიიღებს "თბილისის დეკლარაციას," რომლის მიზანია ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე ნაკისრი ვალდებულებების განმტკიცება. „გვჯერა, რომ სწორედ ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც საბოლოოდ უნდა დაამარცხოს ქალთა დისკრიმინაცია", - განაცხადა კონფერენციის გახსნისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა. საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.

XS
SM
MD
LG