Accessibility links

logo-print

უსუფაშვილი: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა დაგეგმილი ტემპით გრძელდება


საქართველოში იმყოფება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი. მან პირველი შეხვედრა დღეს დილით, თბილისში გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან და საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ შეხვედრისას, რომელზეც განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის პრაქტიკულად ყველა ასპექტი, მათ შორის უსაფრთხოების და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხები, ყველა მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა დაგეგმილი ტემპით და მიმართულებებით გრძელდება, რასაც სულ უფრო უკეთესი სიახლეები მოჰყვება. დავით უსუფაშვილის განცხადებით, უსაფრთხოების თემაზე საუბრისას ქართული მხარისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ ფედერიკა მოგერინი სათანადოდ ხედავს არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს, არამედ ქვეყნის როლს რეგიონული უსაფრთხოების სისტემის აწყობის და განვითარების პროცესში. დავით უსუფაშვილის ცნობითვე, საუბარი იყო სამხრეთ კავკასიაში ახალ ტენდენციებზეც, კერძოდ ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სფეროებში ახალი, ძლიერი მოთამაშეების, ჩინეთის და ირანის შემოსვლაზე. „ქალბატონი მოგერინი უშუალოდ იყო ჩართული ირანთან მოლაპარაკებებში და, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია შემდგომი პროცესებით, ამიტომ ამ ახალ ვითარებაში ჩვენი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს როლი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გასანეიტრალებლად. „ასე, რომ საქართველო არა მხოლოდ თავად ითხოვს დახმარებას მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ მზად არის სერიოზული წვლილი შეიტანოს რეგიონული უსაფრთხოების სისტემის აწყობაში და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან საკითხის სწორედ ასე დანახვა ძალიან იმედისმომცემია“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, ფედერიკა მოგერინისთან დღევანდელი შეხვედრისას საუბარი იყო საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ განვითარებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველომ იცის, რომ ამ მიმართულებებით გზა კიდევ გასავლელია, მაგრამ გეზი რომ სწორია და პროგრესი სახეზეა, ამას ევროკავშირიც ეთანხმება.

XS
SM
MD
LG