Accessibility links

logo-print

ფედერიკა მოგერინი შეხვდა საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს


ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან დღევანდელი შეხვედრისას საუბარი იყო საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების და მედიის თავისუფლების საკითხებზე. „საარჩევნო წელს მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი ნებისმიერ დაძაბულობას, რომელმაც შესაძლოა საზოგადოებაში დაპირისპირება გამოიწვიოს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მისივე თქმით, ხაზი გაესვა, რომ თავისუფალი მედიაგარემო თავისუფალი საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვანი ნაწილია. ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს არასასურველი მოვლენები, არ ჩაერიოს სასამართლოს გადაწყვეტილებებში, არ ჰქონდეს შერჩევითი სამართალი და პოლიტიკურ ოპოზიციასთან ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობები. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფედერიკა მოგერინის საერთოდ არ უხსენებია შეშფოთება, შერჩევითი სამართალი და ის, რომ ევროკავშირს რომელიმე მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებისადმი აქვს რაიმე იმედგაცრუება.

XS
SM
MD
LG