Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ნოქალაქევის სიახლოვეს კირქვის მოპოვება - საფრთხე არქეოლოგიური კომპლექსისთვის?


ნოქალაქევი
ნოქალაქევი

სენაკში ისტორიული ძეგლის, ნოქალაქევის სიახლოვეს კირქვის მოპოვებას იწყებენ. არქეოლოგიური კომპლექსიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე სოფელ კოტიანეთში ცემენტის საწარმოს მშენებლობაა დაგეგმილი. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა სამუშაოებმა რაიმე სახის საფრთხე შეუქმნას ნოქალაქევს, პასუხი არაერთგვაროვანია.

ინფორმაციას, რომ ისტორიული ძეგლის სიახლოვეს კირქვის მოპოვება იწყება, სახალხო მოძრაობა „სამეგრელო“ ავრცელებს. როგორც მოძრაობის ხელმძღვანელი ზურაბ კვარაცხელია განმარტავს, ის სოფელ კოტიანეთში ცემენტის საწარმოს მშენებლობის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ შიშობს, ამით არქეოლოგიური კომპლექსი არ დაზიანდეს:

„ეს არის ძალიან დიდი ტენიანობის მქონე ტერიტორია. ის არის მდიდარი მდინარეებით, წყლებით, შენაკადებით. ხელოვნური ჩარევით ერთი-ორი ქვაც რომ ჩამოეშალოს, ამან შეიძლება ძალიან დიდი ბუნებრივი კატაკლიზმები გამოიწვიოს, არა მხოლოდ იქ, მთლიანად კოლხეთის დაბლობში“.

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე ადასტურებს, რომ მიმდინარეობს გარკვეული სახის სამუშაოები ცემენტის წარმოების მიზნით კირქვის მოსაპოვებლად. მისივე მტკიცებით, ეს არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის ისტორიულ კომპლექსს, რადგან მუშაობა მიდის არა ნოქალაქევის სიახლოვეს, კილომეტრ-ნახევარში, არამედ სოფელ კოტიანეთში, კომპლექსიდან დაახლოებით ათ კილომეტრის მოშორებით.

„გარემოს დაცვის სამინისტრომ თავის დროზე შეისწავლა და შემდეგ გასცა ნებართვა ამ მასალის მოპოვებაზე, შემდეგ კი დაგეგმილია ცემენტის ქარხნის მშენებლობა სენაკში“.

მოძრაობა „სამეგრელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „არაზუსტი“ უწოდეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში. სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ დავით ლომიტაშვილმა ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ამ ეტაპზე კირქვის მოპოვების სამუშაოები არ მიმდინარეობს, - უბრალოდ, სწავლობენ რეზერვებს, არის თუ არა იქ სამრეწველო პოტენციალი:

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს აფეთქებებით თუ მძიმე ტექნიკის გამოყენებით მოხდეს კარიერული დამუშავება. გამორიცხულია ნოქალაქევს აქედან რაიმე იოტისოდენა დაზიანება მიადგეს“.

ასე არ ფიქრობს არქეოლოგი გოდერძი ნარიმანიშვილი. მისი განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე არსებული კანონმდებლობა სრულყოფილი არ არის და დახვეწა სჭირდება:

„აძლევს საშუალებას ასეთ საწარმოებს იმოქმედონ შეზღუდვების გარეშე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძეგლების დაზიანება “, - აცხადებს არქეოლოგი.

სენაკის გამგეობის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სოფელ კოტიანეთში კულტურული მემკვიდრეობის სამი ძეგლი მდებარეობს - კოტიანეთის ციხე, კოტიანეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია და კოტიანეთის ციხის ნანგრევები „არამიშ ნახორი“, რომლებიც XVIII საუკუნით თარიღდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG