Accessibility links

logo-print

მოგერინი აქებს საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე მუშაობას


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი აქებს საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე მუშაობას. მან დადებითი შეფასება გამოთქვა 10 ნოემბერს თბილისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე: „საკვანძო მნიშვნელობა აქვს ასოცირების შეთანხმების განხორციელებას. პარტნიორობა, რომელიც ასოცირებაზე მუშაობისას განვავითარეთ, კარგად მიმდინარეობს. დადებითად ვაფასებ სამუშაოს, რომელსაც ერთად ვატარებთ და ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იქნება თქვენი მიღება მომავალ კვირაში, ბრიუსელში, რათა გავაგრძელოთ მუშაობა ასოცირების შეთანხმებაზე ასოცირების საბჭოს მეორე სხდომის დროს", - განაცხადა მოგერინიმ. მან საქართველოს კვლავ გადაუხადა მადლობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მალიში ევროკავშირის მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობისათვის. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიზნად ისახავს, საქართველო იყოს წარმატების მაგალითი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის. საუბარი შეეხო ვიზების ლიბერალიზაციის მიმართულებით მუშაობასაც. ფედერიკა მოგერინი ღამით ეწვია საქართველოს და შეხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს.

XS
SM
MD
LG