Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსთავი 2"-ის დროებითმა მმართველებმა საკუთარი უფლებამოსილება მიანიჭეს ზაალ უდუმაშვილს


ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დროებითმა, სასამართლოს მიერ დანიშნულმა მმართველებმა, რევაზ საყევარიშვილმა და დავით დვალმა საკუთარი უფლებამოსილება მიანიჭეს არხის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს, ზაალ უდუმაშვილს. შესაბამისი განცხადება დვალმა და საყევარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. როგორც დვალმა აღნიშნა, „ვაკუუმის შესავსებად“ - როცა დროებითი მმართველები არ შედიან „რუსთავი 2“-ში, ხოლო ყოფილ მმართველებს აღარ აქვთ მმართველობის უფლებამოსილება, მან და საყევარიშვილმა მიმართეს თხოვნით ყოფილ მმართველებს, გამოეყოთ პირი, ვინც განახორციელებდა მართვას, რათა შეფერხება არ ყოფილიყო. ამ წინადადებაზე უარის მიღების შემდეგ, დავით დვალი, მისივე თქმით, ორი დღის წინ შეხვდა ზაალ უდუმაშვილს: „ვისაუბრეთ ამ თემაზე, მე ავუხსენი ჩემი პოზიცია, ვუთხარი, რომ თუ ორივე მხარე მართლა ვართ დაინტერესებული იმით, რომ გართულებები არ მოყვეს, დაძაბულობა თავიდან ავიცილოთ, მშვიდ წყნარ ტემპში გაგრძელდეს ყველაფერი - მე მზად ვარ, რომ მას გადავულოცო ჩემი, ასე ვთქვათ, უფლებები, მივცე მინდობილობა, რომ განახორციელოს ეს ყველა ოპერაცია, რომ არ შეიქმნას რაიმე პრობლემა“. ამ მოსაზრების საფუძველზე, დვალმა და საყევარიშვილმა უფლებამოსილება მიანიჭეს უდუმაშვილს - ცალმხრივად, რადგან, როგორც მათი პრესკონფერენციის შემდეგ თავად უდუმაშვილის განცხადებით გაირკვა, ის არ დათანხდა წინადადებას. დვალის განმარტებით, უდუმაშვილისთვის "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე ასახულია საჯარო რეესტრში.

XS
SM
MD
LG