Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიამ დააზარალა იმერეთის, აჭარის და გურიის რეგიონები


ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა დასავლეთ საქართველოში დააზარალა იმერეთის, აჭარის და გურიის რეგიონები. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ქარიშხალმა ერთი საცხოვრებელი სახლი დაანგრია, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამავე მუნიციპალიტეტში რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა. დაზიანდა საავტომობილო გზები, ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი. რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტშიც. ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ სოფელ აგარაში ევაკუირებულია 5 ოჯახი. ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფერიასა და ახალსოფელში, სადაც ათზე მეტი ოჯახი დაზარალდა. ძლიერი წვიმის გამო იმერეთის რეგიონში, სამტრედიაში დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და ათობით საცხოვრებელი სახლი. სტიქიის გამო პარალიზებულია ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზა. თერჯოლის გამგებელმა თემურ ჯაფარიძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს აცნობა, რომ ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე ჩხარი, რომელმაც ავტომაგისტრალის დაახლოებით 30-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო. დასავლეთ საქართველოში სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში ინფრასტრუქტურის აღდგენის პარალელურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა დააზიანა როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები. კომპანიის ცნობითვე, ღამის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 50 000-მდე აბონენტს, რომელთა ნაწილისთვის ენერგომომარაგების აღდგენა გამთენიისას მოხერხდა. თუმცა, დილით უამინდობის გაძლიერებამ დამატებითი პრობლემები შექმნა განსაკუთრებით, გურიისა და აჭარის რეგიონებში. კომპანია „ენერგო-პრო“-ს განცხადებით, მისი ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმით მუშაობს, რათა დღის განმავლობაში შეძლოს დაზიანებული ქსელის შეკეთება და აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგინოს. დღეს დილიდან ძლიერი ქარია აღმოსავლეთ საქართველოშიც.

XS
SM
MD
LG