Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სლოვაკეთში ვიზიტი დაიწყო


სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო დღეს საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. მთავრობის პრესამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ეროვნული საბჭოს სპიკერს პეტერ პელეგრინს. მათ განიხილეს საქართველო-სლოვაკეთის თანამშრომლობისა და ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხები, მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში ორი ქვეყნის პოლიტიკური,ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. მოგვიანებით პეტერ პელეგრინმა ირაკლი ღარიბაშვილს ბრატისლავის ციხე-კოშკი დაათვალიერებინა. დაგეგმილი იყო ღარიბაშვილის შეხვედრა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოსთან და ორი ქვეყნის მთავრობების მიერ დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის და მგზავრებისა და ტვირთის საავტომობილო გადაზიდვის შეთანხმებებსა და უნებართვოდ მყოფი პირების რეადმისიის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირის შეთანხმების განხორციელების ოქმზე ხელის მოწერა. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები გიორგი მღებრიშვილი და ოთარ დანელია.

XS
SM
MD
LG