Accessibility links

logo-print

გუბერნატორთა მზარდი რაოდენობა უარს ამბობს ობამას გეგმაზე სირიელი ლტოლვილების მიღების შესახებ


აშშ-ის მასშტაბით გუბერნატორთა მზარდი რაოდენობა იმუქრება, რომ შეწყვეტს სირიელი ლტოლვილების მიღებას პარიზის თავდასხმების შემდეგ - მიუხედავად პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებისა, რომ აშშ-მა უნდა მიიღოს ლტოლვილები, რადგან მათგან ბევრი ტერორიზმს გაურბის. ობამას ადმინისტრაციამ ახლახან განაცხადა, რომ 10,000-მდე ლტოლვილს მიიღებს იმ სამოქალაქო ომის ტალღიდან, რომელმაც, გაეროს შეფასებით, 4 მილიონზე მეტ სირიელს აიძულა სახლ-კარის დატოვება. მაგრამ პარიზში 13 ნოემბერს მომხდარ ტერორისტულ აქტებს, რომელთა შედეგად დაიღუპა 129 და დაიჭრა 350-ზე მეტი ადამიანი, შტატების გუბერნატორების მხრიდან უკანდახევა მოჰყვა. ამ გუბერნატორთა დიდი ნაწილი რესპუბლიკელია. საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, პარიზში ერთ-ერთ თავდამსხმელთან სირიის პასპორტი იპოვეს. პარიზის პროკურორის ოფისი აცხადებს, რომ თითის ანაბეჭდები ემთხვევა პირისას, რომელმაც ოქტომბერში საბერძნეთი გაიარა. ზოგიერთი გუბერნატორი არ ეთანხმება ობამას განცხადებას, რომ აშშ-ს შეუძლია ერთდროულად მიიღოს ლტოლვილები და უზრუნველყოს მოქალაქეთა უსაფრთხოება. ზოგიერთი გამოდის ლტოლვილების საცხოვრებლად გადაყვანის პროცესის სრულად შეწყვეტის მოწოდებით, სხვები მხოლოდ დროებით შეჩერებას თვლიან მიზანშეწონილად.

XS
SM
MD
LG