Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა, რომელიც პარიზში მომხდარი თავდასხმების გამო მოიწვია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ განიხილეს ტერორიზმის გამო მსოფლიოში შექმნილი ვითარება და უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოში არსებული სიტუაცია. „გავიარეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება საქართველოში უსაფრთხოების უზრუნველყოფას, თუმცა, ბუნებრივია, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“ - განაცხადა მინდია ჯანელიძემ. მისი თქმით, ყველა უწყება თავისი კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს მუშაობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე და ფუნქციების შესაბამისი ზომების მიღებას. "მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ საქართველო შედის უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო ათეულში და მართლაც ბევრი კეთდება უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ. სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ კიდევ უფრო გამკაცრებულია სასაზღვრო რეჟიმი და საპოლიციო კონტროლი. მღებრიშვილის განცხადებით, საქართველოს შესაბამისი სტრუქტურებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან.

XS
SM
MD
LG