Accessibility links

ირმა ინაშვილმა შიმშილობა დროებით შეწყვიტა


პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ექიმების რჩევა გაითვალისწინა და შიმშილობა დროებით შეწყვიტა. ამასთან, როგორც ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას გაუკეთებენ გადასხმებს, რის შემდეგაც სამშაბათიდან კვლავ შეუერთდება შიმშილობის აქციას. აქციის მონაწილეები თავდაცვის და გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრების - თინა ხიდაშელის და გიგლა აგულაშვილის - გადადგომას და საარჩევნო გარემოს შეცვლას მოითხოვენ. „პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებით, თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი პირადად მონაწილეობდნენ საგარეჯოს ოლქში 31 ოქტომბერს ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, საგარეჯოს ოლქში ხმების 49,5%-ით გაიმარჯვა კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა, მეორე ადგილზე კი ხმების 45,83%-ით გავიდა „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ირმა ინაშვილი. დღესვე ინაშვილმა განაცხადა, რომ 100-მდე გაიზარდა მისი პარტიის ცალკეული წევრებისა და მხარდამჭერების, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციასთან შიმშილობას განაგრძობენ.

XS
SM
MD
LG