Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბორჩაშვილს ბრალი წაუყენეს


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებული დავით ბორჩაშვილი ადასტურებს, რომ სირიაში იმყოფებოდა, თუმცა უარყოფს ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირს - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს აცნობა ბორჩაშვილის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა. მისივე ინფორმაციით, დავით ბორჩაშვილი აცხადებს, რომ კავშირი ჰქონდა "სირიის თავისუფალ არმიასთან", რომელიც ებრძვის "ისლამურ სახელმწიფოს" და ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი საქმის მასალებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში ეცნობა, რადგან საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს. ადვოკატის ინფორმაციით, დავით ბორჩაშვილს ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენეს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, სადაც დაკავების შემდეგ მოათავსეს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით, რომელიც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას, ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას შეეხება. ღუდუშაურის სახელობის კლინიკის ექიმების ინფორმაციით, დავით ბორჩაშვილს მენჯ-ბარძაყის არეში აღენიშნება რამდენიმე თვის წინ მიყენებული ჭრილობა, რომელმაც ორგანიზმში ინფექცია გამოიწვია. თურქეთიდან ჩამოსული დავით ბორჩაშვილი 22 ნოემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა.

XS
SM
MD
LG