Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ბოლო ათი დღის განმავლობაში ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა უცხო ქვეყნების 479 მოქალაქეს


პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების გამო საქართველოში უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შედეგად, ბოლო 10 დღის განმავლობაში ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა უცხო ქვეყნების 479 მოქალაქეს - ამის შესახებ დღეს განაცხადა საქართველოს შსს-მ. მისივე ინფორმაციით, 2015 წლის 14-დან 24 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს სახმელეთო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნების ოცდათერთმეტი მოქალაქე. სამინისტროს განმარტებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მგზავრებთან დეტალური გასაუბრების საფუძველზე ავლენენ მათი ვიზიტის ნამდვილ მოტივაციას, განსაკუთრებული ყურადღებით მოწმდება ქვეყანაში შემომსვლელთა სამგზავრო დოკუმენტები და კონტროლდება სატრანზიტო მგზავრთა ნაკადი, რათა მაღალი რისკის მქონე ქვეყნების მოქალაქეები საქართველოს გავლით არალეგალურად არ მოხვდნენ სხვა სახელმწიფოებში. სამინისტროს განცხადებით, ყველა პროცედურა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. „საქართველოს შსს განაგრძობს განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობას, რათა დაიცვას ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და კონტროლის გამკაცრების მიზნით გაძლიერდა სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა და მობილიზებულია დამატებითი ძალები.

XS
SM
MD
LG