Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარყოფს, რომ მისი თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო სივრცეში იყო, როცა ჩამოაგდეს


თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა 24 ნოემბერს ჩამოაგდეს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი მას შემდეგ, რაც გააფრთხილეს, რომ თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მაგრამ მოსკოვი ირწმუნება, რომ მის თვითმფრინავს არ დაუტოვებია სირიის საჰაერო სივრცე. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მომხდარს „ზურგში დარტყმა“ უწოდა. „დღევანდელი დანაკარგი დაკავშირებულია დარტყმასთან, რომელიც ზურგში მოგვაყენეს ტერორისტთა თანამზრახველებმა. სხვა შეფასებას ვერ მივცემ იმას, რაც დღეს მოხდა“, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა სოჭში, იორდანიის მეფე აბდულასთან შეხვედრისას. თავის მხრივ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმეტ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთს აქვს უფლება, მიმართოს „ყველანაირ ზომას“ საზღვრის დარღვევის წინააღმდეგ. პუტინის თქმით, ინციდენტს „სერიოზული შედეგები“ მოჰყვება თურქეთთან რუსეთის ურთიერთობისთვის. ორ ქვეყანას ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული პოზიციები აქვს სირიის სამოქალაქო ომის საკითხში. თუ რუსეთი აქტიურ სამხედრო დახმარებას უწევს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, ნატოს წევრი თურქეთი ასადის მოწინააღმდეგეებს მიეკუთვნება. ცნობების თანახმად, ნატომ თურქეთის თხოვნით დანიშნა საგანგებო შეხვედრა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდიმივი წევრის - რუსეთის, შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის - ელჩები დაიბარა თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით მათთვის ინფორმაციის მისაწოდებლად. პუტინის განცხადებით, „თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა სირიის ტერიტორიაზე ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტით თურქეთის F 16 თვითმფრინავიდან“.

XS
SM
MD
LG