Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: აშშ და საფრანგეთი ერთად დგანან ტერორიზმის წინააღმდეგ


აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, აშშ და საფრანგეთი „ერთად დგანან“ ტერორიზმის წინააღმდეგ. ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" და მისი იდეოლოგია „სერიოზულ საფრთხეს უქმნის ყველა ჩვენგანსო“, დასძინა ობამამ. ვაშინგტონში, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ობამამ ევროკავშირს მოუწოდა დანერგოს შეთანხმება, რომელიც გაითვალისწინებს თვითმფრინავების მგზავრთა შესახებ ინფორმაციის გაცვლას. ოლანდის თქმით, აუცილებელია სასწრაფოდ დაიხუროს თურქეთ-სირიის საზღვარი და ტერორისტებს არ მიეცეთ ევროპაში ჩასვლის საშუალება. ოლანდის განცხადებით, ის და ობამა შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ საჰაერო თავდასხმებს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეებზე სირიასა და ერაყში. პარიზში 13 ნოემბერს მომხდარ კოორდინირებულ ტერორისტულ თავდასხმებს 130 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა იკისრა „ისლამურმა სახელმწიფომ“. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, შეიქმნება ერთიანი კოალიცია, რომელიც შესძლებს ისლამისტი ექსტრემისტების დამარცხებას როგორც შინ, ისე საზღვარგარეთ.

XS
SM
MD
LG