Accessibility links

logo-print

თინა ხიდაშელმა გაეროში იმსჯელა საერთაშორისო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობაზე


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ერვე ლადსუსმა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში იმსჯელეს საერთაშორისო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობაზე. შეხვედრის შემდეგ თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველო განაგრძობს საერთაშორისო ვალდებულების შესრულებას და მზად არის, უფრო მეტი წვლილი შეიტანოს მსოფლიოში მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, მათ შორის გაეროს ეგიდით. თინა ხიდაშელის თქმით, სამშვიდობო ოპერაციებისადმი მიძღვნილ ფორუმზე, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივით, სექტემბერში ნიუ-იორკში ჩატარდა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს კონკრეტული დაპირება მისცა და საქართველომ შესაბამისად მოქმედება უკვე დაიწყო. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ავღანეთში მუშაობას უკვე შეუდგა გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელიც გაეროს მისიის უფროს სამხედრო მრჩევლად დაინიშნა. „ჩვენ გვყავს ძალიან გამოცდილი სამხედროები და ჩვენი მხარდაჭერა შესაძლოა კიდევ უფრო ღირებული და ფასეული გახდეს იმ შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მონაწილეობენ გაეროს სამშვიდობო მისიებში“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

XS
SM
MD
LG