Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: ავღანეთში საავადმყოფოზე თავდასხმა „ტრაგიკული შეცდომა“ იყო


აშშ-ის გამოძიება, რომელიც ჩატარდა ოქტომბერში ავღანეთში საავადმყოფოს დაბომბვის მიზეზების დასადგენად, მივიდა დასკვნამდე, რომ ინციდენტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და ის ადამიანის შეცდომამ გამოიწვია. ავღანეთში, ქალაქ კუნდუზში წელს 3 ოქტომბერს დაიბომბა საფრანგეთის საქველმოქმედო ორგანიზაციის „ექიმები უსაზღვრებოდ“ საავადმყოფო, რის შედეგადაც დაიღუპა სულ ცოტა 30 ადამიანი. ავღანეთში შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ძალების სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა ჯონ კემპბელმა 25 ნოემბერს ვაშინგტონში განაცხადა, რომ საავადმყოფო შეცდომით დაიბომბა. „ეს იყო ტრაგიკული შეცდომა, აშშ-ის ძალები განზრახ არასდროს მიიტანდნენ იერიშს საავადმყოფოზე, ან სხვა დაცულ ობიექტებზე“, - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა. მისივე თქმით, ინციდენტთან დაკავშირებული პირები დროებით დაითხოვეს დაკავებული პოსტებიდან, რათა სასამართლომ დაადგინოს მათი ბრალეულობის საკითხი. გენერალს არ დაუსახელებია დროებით დათხოვნილთა არც ვინაობა და არც რაოდენობა.

XS
SM
MD
LG