Accessibility links

logo-print

პარლამენტში მიმდინარეობს მთავარი პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენა


საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს მთავარი პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენა. „თუ მთავარ პროკურორად ამირჩევთ, მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში პროკურატურა გახდება გაცილებით უფრო გამჭირვალე, უფრო დამოუკიდებელი და განვითარებული სტრუქტურა, რომლის მიმართ სრული ნდობა ექნებათქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას. ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ პროკურატურის სისტემაში გავლილი აქვს ყველა იერარქიული საფეხური და კარგად იცნობს პროკურორების და გამომძიებლების საჭიროებებსა და პრობლემებს. მთავარი პროკურორობის კანდიდატი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების მოზიდვას და მოქმედი პროკურორებისა და გამომძიებლების კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლებას. ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა პროკურორებისა და სისტემის სხვა თანამშრომლების გადამზადების გრძელვადიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რომელიც მორგებული იქნება არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე. "ძალიან მნიშვნელოვანია პროკურორებს კარგად გვახსოვდეს და გავიაზროთ, რომ ვართ ქართველი ხალხის სამსახურში და ვართ ანგარიშვალდებულნი ნებისმიერი მოქალაქის მიმართ“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. მისივე თქმით, რაოდენ რთულიც უნდა იყოს, თითოეულ მოქალაქეს უნდა გაუჩნდეს რწმენა, რომ პროკურორები მათი დამცველები არიან. შოთაძემ აღნიშნა, მთავარ პროკურორად არჩევის შემთხვევაში, მისი უმთავრესი მიზანი იქნება პროკურატურის სისტემური დამოუკიდებლობისა და იმიჯის განმტკიცება. "დარწმუნებული ვარ, 6 წლის შემდეგ ახალ მთავარ პროკურორს გადავაბარებთ გაცილებით უფრო დამოუკიდებელ და გამჭვირვალე სისტემას, რომლის მიმართ აღარ იქნება კითხვის ნიშნები არც ადგილობრივ საზოგადოებაში და არც საერთაშორისო წრეებში" - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

XS
SM
MD
LG