Accessibility links

logo-print

გენერალი კემპბელი: ყუნდუზში საავადმყოფოს დაბომბვა „ადამიანის შეცდომა“ იყო


აშშ-ის გამოძიება, რომელიც ჩატარდა ოქტომბერში ავღანეთში საავადმყოფოს დაბომბვის მიზეზების დასადგენად, მივიდა დასკვნამდე, რომ ინციდენტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და ის ადამიანის შეცდომამ გამოიწვია. ავღანეთში შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ძალების სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა ჯონ კემპბელმა 25 ნოემბერს ვაშინგტონში განაცხადა, რომ საავადმყოფო შეცდომით დაიბომბა. მისივე თქმით, ინციდენტთან დაკავშირებული პირები დროებით დაითხოვეს დაკავებული პოსტებიდან, რათა სასამართლომ დაადგინოს მათი ბრალეულობის საკითხი. გენერალს არ დაუსახელებია დროებით დათხოვნილთა არც ვინაობა და არც რაოდენობა. ავღანეთში, ქალაქ ყუნდუზში 3 ოქტომბერს დაიბომბა საფრანგეთის საქველმოქმედო ორგანიზაციის „ექიმები უსაზღვრებოდ“ საავადმყოფო, რის შედეგადაც დაიღუპა სულ ცოტა 30 ადამიანი. ავღანეთის ხელისუფლება მიესალმა ამ ინცინდენტის შესახებ აშშ-ის სამხედრო უწყების მიერ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნებას.

XS
SM
MD
LG