Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი და იოჰანეს ჰანი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში შეხვდნენ დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მათ წინაშე გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება იქცა საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესის წარმმართველ დოკუმენტად, რომელსაც ეფუძნება ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული რეგულაციების დანერგვა. პრეზიდენტის განცხადებით, შემდეგი ნაბიჯია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, რომლის მოპოვება საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესია. „ეს რეალურად მოახდენს გავლენას თუნდაც, თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავებაზე, მეტ კულტურულ კავშირებზე და მეტ საქართველოზე ევროპაში და მეტ ევროპაზე საქართველოში“ - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. თავის მხრივ ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, რომ დადებითი იქნება ევროკომისიის დასკვნა, რომელიც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულებას შეეხება. „საქართველო საკმაო წარმატებას აღწევს ამ თვალსაზრისით და არ იქნება საიდუმლოება, თუ გამოვხატავ ჩემს დარწმუნებას იმაში, რომ დადებითი იქნება ანგარიში, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება“ - განაცხადა იოჰანეს ჰანმა. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ევროკომისიასთან ერთად უნდა მიიღოს ევროპარლამენტმა, რასაც ბუნებრივია, დრო დასჭირდება.

XS
SM
MD
LG