Accessibility links

საქართველო დადებითად აფასებს ნატოს წევრად ჩერნოგორიის ოფიციალურად მიწვევას


ნატოს წევრად ჩერნოგორიის (მონტენეგროს) ოფიციალურად მიწვევა საქართველოსთვისაც დადებით მოვლენად შეაფასა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა. „მონტენეგროს მიწვევა ეს არის ამ გზაზე ყველაზე უფრო წინგადადგმული ნაბიჯი, მათ შორის საქართველოსთვის, რადგან რეალურად შესაძლებელია, შემდეგი გაჩერება იყოს საქართველო“ - განუცხადა ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1 დეკემბერს ბრიუსელში შეხვდა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მიხაილ კოსტარაკოსს, ბელგიის თავდაცვის მინისტრს სტივენ ვანდეპუტს და სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომიტეტის სხდომაზე განიხილეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის საკითხი.

XS
SM
MD
LG