Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო აპირებს საქართველოსთან თანამშრომლობის "ახალი პრაქტიკული გზების შესწავლას"


ბრიუსელში ნატოს ორდღიან მინისტერიალზე მიიღეს განცხადება, რომელშიც ადასტურებენ საქართველოს მიმართ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ "საქართველო გახდება ნატოს წევრი და მიიღებს MAP-ს (გაწევრიანების სამოქმედო გეგმას), როგორც ამ პროცესის განუყოფელ ნაწილს". ამავე განცხადებით ნატო მიესალმება პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია 2008 წლის შემდეგ და მოუწოდებს თბილისს, გააგრძელოს ალიანსთან დაახლოების ყველა შესაძლებლობის სრული გამოყენება. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მომავალი წლის ვარშავის სამიტისთვის მზადებისას, ნატო შეისწავლის საქართველოსთან პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის ახალ პრაქტიკულ გზებს. ნატოს მინისტერიალთან დაკავშირებით ამ განცხადების მიღებამდე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეაქო საქართველო - მისი თქმით, საქართველო, ისევე როგორც ჩერნოგორია და მაკედონია წინსვლას აღწევენ ნატოში გაწევრიანების გზაზე და ნატო ყველა ღონეს იხმარს, რათა დაეხმაროს მათ მიზნების მიღწევაში. „საქართველომ დიდ წინსვლას მიაღწია. მე თვითონ ჩავედი საქართველოში, ვნახე და მონაწილეობა მივიღე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნაში და საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ ბევრ სხვადასხვა სფეროში. ვატარებთ წვრთნებს და გავაფართოვეთ ჩვენი პოლიტიკური დაილოგიც. ასე რომ, განვაგრძობთ მუშაობას საქართველოსთან“.

XS
SM
MD
LG