Accessibility links

logo-print

რუსეთი მძიმე ბრალდებას უყენებს თურქეთის პრეზიდენტს და მის ოჯახს


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და მისი ოჯახი მონაწილეობენ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ნავთობით უკანონო ვაჭრობაში. მოსკოვში 2 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე, სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ სამინისტროსათვის ცნობილია სამი მარშრუტი, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ იყენებს თურქეთში ნავთობის ჩასატანად. ამავე წყაროს ცნობით, სატელიტურ სურათებზე ჩანს ნავთობის ავტოცისტერნების მოძრაობა სირიასა და თურქეთს შორის. რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც თურქეთის F-16 ტიპის თვითმფრინავმა 24 ნოემბერს, სირიის საზღვართან ჩამოაგდო რუსეთის ავიაგამანადგურებელი. ინციდენტის შედეგად რუსი პილოტი დაიღუპა. მას შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც თურქეთმა იმის გამო ჩამოაგდო ავიაგამანადგურებელი, რომ დაეცვა „ისლამური სახელმწიფოსაგან“ ნავთობის მისაღები მარშრუტი. თურქეთი უარყოფს ამ ბრალდებას.

XS
SM
MD
LG