Accessibility links

logo-print

ერდოანი უარყოფს რუსეთის ბრალდებას „ისლამური სახელმწიფოსაგან“ ნავთობის ყიდვის შესახებ


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ცილისწამებაში დაადანაშაულა რუსეთი ბრალდების გამო, თითქოს თურქეთი და ერდოანის ოჯახი ნავთობს ყიდულობდეს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოსაგან“. როგორც ერდოანმა დღეს განაცხადა ყატარის უნივერსიტეტში, „არავის აქვს უფლება, ცილი დასწამოს თურქეთს იმის თქმით, რომ თურქეთი ნავთობს ყიდულობს “ისლამური სახელმწიფოსაგან“. თურქეთის პრეზიდენტის ეს რეაქცია რამდენიმე საათში მოჰყვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ ერდოანი და მისი ოჯახი მონაწილეობენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ნავთობით უკანონო ვაჭრობაში. მოსკოვში 2 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე, სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა თქვეს, რომ სამინისტროსათვის ცნობილია სამი მარშრუტი, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ იყენებს თურქეთში ნავთობის ჩასატანად. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანატოლი ანტონოვის განცხადებით, თურქეთის „უმაღლესი პოლიტიკური ლიდერები, პრეზიდენტი ერდოანი და მისი ოჯახი არიან ჩართული უკანონო ბიზნესში“. რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც თურქეთის F-16 ტიპის თვითმფრინავმა 24 ნოემბერს, სირიის საზღვართან ჩამოაგდო რუსეთის ავიაგამანადგურებელი. ინციდენტის შედეგად რუსი პილოტი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG