Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრმა კატასტროფული უწოდა თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობას


თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობას კატასტროფული უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ავტომანქანების მავნე გამონაბოლქვია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გასაგებია, რომ ბევრი ადამიანისთვის ავტომობილი შემოსავლის წყაროა და მისი ტექნიკურად გამართვა ხარჯთანაა დაკავშირებული, თუმცა, უპირველესი საზრუნავი ადამიანების, ბავშვების ჯანმრთელობაა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შესაძლებელია, რომ კომპანიებს, რომლებიც ავტომანქანებისთვის აუცილებელ კატალიზატორებს ყიდიან,განვადების სისტემის შემოღება ეთხოვოს, რასაც ეტაპობრივად მოჰყვება დაზღვევა და სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა ავტომფლობელებს ყველაფრის ერთ დღეში შეცვლას ბუნებრივია, არ მოსთხოვს და საზოგადოებას უახლოეს ხანში წარუდგენს შესაბამისი ეტაპების გეგმას. „მანამდე გთავაზობთ, ჩავატაროთ კვლევაც და გავიგოთ ხალხის აზრი, რამდენად აწუხებთ ეს საკითხი. მე ვფიქრობ, რომ ყველას აწუხებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდა, რეგულარულად შეამოწმონ ბენზინის და დიზელის საწვავის ხარისხიც.

XS
SM
MD
LG