Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დათო ქარდავას „ესავის ხელები“


გამომცემლობა „ინტელექტმა“ ახლახან დასტამბა რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, მწერლის, ჯიმშერ რეხვიაშვილის მოთხრობების ახალი კრებული „ესავის ხელები“, რომლის პრეზენტაციაც 1 დეკემბერს მწერლის სახლში გაიმართა. მკითხველი ჯიმშერს დათო ქარდავას ფსევდონიმით იცნობს - მისი პირველი პროზაული კრებული, „ნოეს მტრედები“, ათი წლის წინ გამოიცა და მაშინ ლიტერატურული პრემია „საბას“ ნომინანტიც გახლდათ. რაზე მოგვითხრობს „ესავის ხელები“ და რა გამოარჩევს დათო ქარდავას პროზას თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, როგორც იცვლებოდნენ მისი გმირები წლების განმავლობაში და რას უნდა ველოდოთ ავტორისგან უახლოეს მომავალში?

ჯერ იყო მოთხრობების კრებული „ნოეს მტრედები“, შემდეგ -დოკუმენტური პროზა: „ტუალეტში საკითხავი“ და „მტკვარი და მისი მეორე ნაპირი“, ახლა კი - სულ ცინცხალი „ესავის ხელები“, სტამბიდან ახალგამოტანილის სუნით და სითბოთი - რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, ჯიმშერ რეხვიაშვილის წიგნებზე ვყვები. ჯიმის (როგორც მას რადიო თავისუფლებაში ვეძახით) ლიტერატურულ ფსევდონიმს, დათო ქარდავას, ქართველი მკითხველი დიდი ხანია იცნობს. მოთხრობების პირველი კრებულის გამოცემის შემდეგ ათი წელია გასული.

პრეზენტაცია გამომცემლობა „ინტელექტმა“ თანამედროვე ქართული ლიტერატურის კვირეულს დაამთხვია და ახალი წიგნი, რვა მოთხრობისგან შემდგარი „ესავის ხელები“, საზოგადოებას 1 დეკემბერს მწერლის სახლში წარუდგინა.

„ყოფითი ამბები - ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, მასალა, რასთანაც ჟურნალისტ ჯიმშერ რეხვიაშვილს უწევს შეხება - მწერალ დათო ქარდავას ხელში კარგ ლიტერატურად იქცევა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარმა რედაქტორმა, მწერალმა ზვიად კვარაცხელიამ:

„თუნდაც ამ კრებულის ერთ-ერთი მოთხრობა, „ესავის ხელები“, საუკეთესო ნიმუშია იმისა, თუ როგორ ერთიანდება ერთ წიგნში ჟურნალისტი ჯიმშერ რეხვიაშვილი და მწერალი დათო ქარდავა“.

ზვიად კვარაცხელია
ზვიად კვარაცხელია

მოკლედ, როგორც მიხვდით, ამ ორი სახელის გამეორება ამ სიუჟეტშიც არაერთხელ მოგვიწევს, მონაცვლეობით, რადგან ერთი მეორის გარეშე არ არსებობს - ჯიმშერი დათოა და დათო ჯიმშერია.

კარგად თქვა პოეტმა და კრიტიკოსმა ნუგზარ ზაზანაშვილმა პრეზენტაციაზე:

„კვალიფიციური მკითხველი აი, ამ ერთი მოკლე აბზაცის წაკითხვის შემდეგ მიხვდება, თუ რა დონის მწერალთან გვაქვს უკვე საქმე: „ჟურნალისტები ჰგავდნენ სიგარეტის ნამწვებს, გაზეთის რედაქციაში ჭუჭყიან საფერფლეს, რომელსაც, ვიდრე არ აივსებოდა, არავინ ცლიდა. რედაქციის იატაკი მოფენილი იყო ნამწვებით, სანახევროდ ლურჯად და სანახევროდ თეთრად შეღებილ კედლებს კი ბევრგან აჩნდა დასრესილი სიგარეტის კვალი, როგორც ცუდად შეხორცებული წყლულები ავადმყოფის სხეულს“.

დათო ქარდავას დიდი ხნის მკითხველს, მის კოლეგასა და მეგობარს დავით პაიჭაძეს რამდენიმე მიზეზი აქვს, რის გამოც მის მოთხრობებს ხშირად უბრუნდება. ერთი მიზეზი ავტორის ენაა, რომელიც, როგორც წესი, განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რაზე წერს დათო ქარდავა:

დავით პაიჭაძე
დავით პაიჭაძე

„წერს ჟურნალისტურ მასალას, წერს დოკუმენტურ პროზას თუ წერს მხატვრულ პროზას და როდესაც ენაზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ არა მხოლოდ ლექსიკურ სიმდიდრეს, არამედ ძალიან ფართო დიაპაზონს, ფართო კალაპოტს, რომელშიც ჯიმშერის თხრობა მოედინება ხოლმე“.

მძიმე ექსპრესიით გამოწვეული უხერხულობა, რაც თხრობისას მის ენას მოჰყვება - ასე დაახასიათა „ესავის ხელების“ წაკითხვისშემდგომი შეგრძნება დავით პაიჭაძემ:

„მძიმედ ექსპრესიული ჯიმშერის ენა არის იმიტომ, რომ ამ მოთხრობაში ის წერს აბსოლუტურად ამორალურ ჟურნალისტიკაზე, რომელსაც ზნეობის კატეგორიები, უბრალოდ, არ გააჩნია. აქ საინტერესოა ის, რომ ჯიმშერი ამ პროცესს იცნობს შიგნიდან. თვითონ, მიმაჩნია, რომ უაღრესად სინდისიერი ჟურნალისტია, მაგრამ უნახავს ბევრი უსინდისობა. და მას შეუძლია ეს უსინდისობები ეპიკურად, თავისი შემფასებლური დამოკიდებულების გარეშე ხონჩაზე დადოს და შენ მერე განსაჯო, ვისთან გაქვს საქმე. ჟურნალისტებს სქელი კანი აქვთ, ისინი კრიტიკაზე არ რეაგირებენ, მაგრამ, შესაძლოა, რეაგირებდნენ პოპულარობის დაკარგვაზე. მე მგონია, რომ ჯიმშერის ეს ტექსტი და კიდევ ერთი ტექსტი, ძია ევგენის შესახებ, რომელიც ჟურნალისტურ უტვინობაზე უფროა, ვიდრე უზნეობაზე, მკითხველისთვის შესაძლოა იყოს სასარგებლო, ჟურნალისტების მიმართ კრიტიკის განსავითარებლად, იმიტომ რომ ქართულ ჟურნალისტიკას თუ რამე უშველის დღეს, ჩემი აზრით, ეს არის პოპულარობის დაკარგვა“.

ჯიმშერ რეხვიაშვილი
ჯიმშერ რეხვიაშვილი

დათო პაიჭაძემ უხერხულობა ახსენა და, მართლაც, ვისაც დათო ქარდავას მოთხრობები წაუკითხავს, ნამდვილად იგრძნობდა რაღაცნაირ დისკომფორტს - ზუსტად ისეთს, როცა ისეთ სინამდვილეზე გიყვებიან ღიად, რაზეც თვალის დახუჭვა მოგდომებია. ამ სინამდვილის ნაწილია ფსევდოღირებულებები, ფსევდოგმირები, ფსევდორწმენა. ყველაფერი - რაც ნამდვილი არ არის. მაგალითად, ისე, როგორც ეს ხდება მოთხრობაში „მეხუთე დღე“:

„ყველა მოთხრობაში არიან ეს პერსონაჟები. ან ვითომ რელიგიურები არიან, ან ებღაუჭებიან ამ რელიგიურობას, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არის მაინც ფსევდორელიგიურობა, როგორც ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს: ან ფარისევლური, რომ რაღაცაში გამოიყენოს, ან გავლენა მოიპოვოს, ან გულუბრყვილო მიდგომა, რომ ეს რაღაცაში დაეხმარება.. აი, ბოლო მოთხრობაში, „მეხუთე დღე“, ერთი პერსონაჟი ამბობს, რომ ჩვენი რელიგიურობა და განათლება ძალიან ჰგავსო სასტუმროში ნაპოვნ ბიბლიას, შემთხვევით რომ გადაშლი და უსაქმოდ ყოფნის გამო დაიწყებ კითხვასო“.

„მეხუთე დღეში“ დათო ქარდავა 2008 წლის ომის, როგორც ძალიან მალე დამთავრებული წაგებული ომის, თემატიკასაც ეხება.

პრეზენტაცია
პრეზენტაცია

„აი, მაგ მოთხრობაში არის ერთი პერსონაჟი, სახელმწიფო მოხელეა, რომელიც გარბის. მასაც უნდა, რომ გმირი იყოს, მაგრამ თან არ უნდა მოკვდეს. ამიტომ მეორე თანამშრომელზე ეჭვიანობს: მე ისეთი ბედი მაქვსო, ამბობს, ფრონტზე პირველივე გასროლისგან მოვკვდები და ისო, დარწმუნებული ვარ, მსუბუქად დაიჭრებაო. ამბობს, გმირის ორდენს მისცემენ და პატრიარქიც ხელს ჩამოართმევსო. მოკლედ, ამ ომს ჰყავდა ბევრი ასეთი გმირი, ცოტა ჰყავდა ნამდვილი გმირი და ბევრი ფსევდოგმირი“...

როცა ოცი წელია ჟურნალისტიკაში მოღვაწეობ, ალბათ, გასაკვირიც არაფერია იმაში, რომ რვიდან ოთხ მოთხრობაში მთავარი ან მეორეხარისხოვანი პერსონაჟი ჟურნალისტი გყავდეს - ასეა ჯიმშერთანაც. თუმცა ისე გამოვიდა, რომ ყველა ეს პერსონაჟი უფრო უარყოფითი ხასიათისაა, ვიდრე პირიქით. ასე, ალბათ, იმიტომ მოხდა, ამბობს ჯიმშერი, რომ ამ სახეობრივ ბრძოლაში, რომელშიც თავადაც მონაწილეობ, ბევრ რამეს ხედავ ზედაპირზე, თუმცა ნეგატიური უფრო გაღიზიანებს:

ჯიმშერ რეხვიაშვული
ჯიმშერ რეხვიაშვული

„მე ჩვენი ხელობის ადამიანების ორი ტიპის კრიტიკას გამოვყოფდი: ერთი, როცა ადამიანს ხელობა ნასწავლი აქვს, პროფესიონალი ჟურნალისტია, იცის, რა არის კარგი და რა ცუდი, როგორ უნდა შექმნას კარგი პროდუქტი, მაგრამ ამას შეგნებულად არ აკეტებს და სხვა მიზნებს ემსახურება - ეს არის „ესავის ხელებში“. ხოლო მეორე ტიპის ნეგატიური ჟურნალისტიკაა, როდესაც არაპროფესიონალი არის, თვალებახვეული მოქმედებს, იქნევს მიკროფონს, შეიძლება ითქვას, როგორც ნაჯახს და ასე ჩეხავს და აუბედურებს ყველაფერს. „ძია ევგენის თამაშში“ სწორედ ასეთ ჟურნალისტიკაზე ვწერ“...

ეს ხომ ერთ დღეში არ მთავრდება. რაღაცნაირად გმირებიც იღლებიან ავტორთან ერთად და ერთად გადაწყვეტენ ხოლმე, რომ სათქმელი ითქვა და ყველაფერი გაკეთდა...
ჯიმშერ რეხვიაშვილი

რადგან დათო ქარდავას პირველ პროზაულ კრებულსა და ამ უკანასკნელს შორის თითქმის მთელი ათწლიანი პაუზა იყო (აქ დოკუმენტურ პროზას არ ვგულისხმობ), მაინც ვკითხე, რა განსხვავებას ხედავს მაშინდელ და ახლანდელ ტექსტებს შორის და აი, რა მიპასუხა:

„ის მაინც იმ საუკუნის ტექსტია, იქ ჩემს გმირებს თითქოს პროფესიებიც კი არა აქვთ. იქ უფრო დაკარგული ადამიანები არიან, რომელთაც რაღაც საერთო საქმე კი აერთიანებთ, მაგალითად, საომრად მიდიან, მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს რა პროფესიის ადამიანები არიან, პედაგოგები თუ ინჟინრები - ეს ხალხი გადარჩენისათვის იბრძვის. ეგეთი დროც იყო. აქ კი სხვადასხვა, გამოკვეთილი პროფესიის მქონე გმირები გაჩდნენ და გამოკვეთილი მიზნებიც აქვთ“.

კრებულში „ესავის ხელები“ ამ მოთხრობის გარდა შესულია ბოლო წლების განმავლობაში დაწერილი კიდევ შვიდი მოთხრობა: „მარტოობის ევქარისტია“, „უსასრულო ხემი“, „ამინდის კაცი“, „ვინ არის ვარსქენი“, „კაცი, რომელიც ორმოს ავსებდა“, „ძია ევგენის თამაში“ და „მეხუთე დღე“. როგორ ხვდები, რომ მოთხრობა დამთავრდა-მეთქი, პრეზენტაციის წინ ვკითხე ჯიმშერს. ამას ერთდროულად ვხვდებით მე და ჩემი გმირებიო, მიპასუხა:

„ეს ხომ ერთ დღეში არ მთავრდება. რაღაცნაირად გმირებიც იღლებიან ავტორთან ერთად და ერთად გადაწყვეტენ ხოლმე, რომ სათქმელი ითქვა და ყველაფერი გაკეთდა“.

„ესავის ხელების“ პრეზენტაციაზე ჯიმშერ რეხვიაშვილმა ისიც გვითხრა, რომ გამოსაცემად მზადაა მისი ესეების კრებულიც. და კიდევ, ყველაფერი რომ ჯერ არ თქმულა, ამის დასტურად ჯიმშერის ერთი ხშირად გამხელილი სურვილიც კმარა: ბევრი თავისუფალ დრო რომ ჰქონდეს, რუტინისგან თავის დაღწევა რომ შეეძლოს, დაჯდებოდა და წერდა და წერდა, იკითხავდა და იკითხავდა - როგორც იტყვიან, გემოზე.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG