Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ლიდერი მოითხოვს თურქეთის ჯარის გაყვანას მოსულის შემოგარენიდან


ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდერ ალ-აბადიმ მწვავედ გააკრიტიკა თურქეთის ჯარის გადაადგილება ჩრდილოეთ ერაყში, მოსულთან ახლოს, იმ ჯარების გაწვრთნის მიზნით, რომლებიც ებრძვიან ექსტრემისტულ გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“ და მოითხოვა მათი დაუყოვნებლივ გაყვანა. 5 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში აბადი ერაყის სუვერენიტეტის დარღვევას უწოდებს ნინევეს პროვინციაში „ერთ შეიარაღებულ ბატალიონამდე კონტინგენტის შესვლას, ტანკებით და არტილერიით“. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში „შეჭრა“ უწოდა თურქეთის 150-მდე სამხედროს და 25 ტანკის შესვლას და უარყო ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია, რომელიც არ იქნება შეთანხმებული ბაღდადში, ფედერალურ მთავრობასთან. თურქეთის წყაროები აცხადებენ, რომ თურქეთის სამხედროების დისლოცირება 4 დეკემბერს განხორციელდა, როგორც ნაწილი „რუტინული“ ვარჯიშისა, რათა მოსულთან ახლოს მყოფ ერაყელ სამხედროებს წვრთნა ჩაუტარდეს. მოსულის მოსახლეობა ერთ მილიონს აჭარბებს, ეს ქალაქი 2014 წლის ივლისში ჩაიგდო ხელში ექსტრემისტულმა ჯგუფმა, „ისლამურმა სახელმწიფომ“. თურქეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თურქეთს უკვე ჰყავს დისლოცირებული სამხედროები ერაყის ავტონომიურ ქურთისტანის რეგიონში და რომ აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვიან, იცოდნენ მისი ჯარის ნაწილის მოსულთან გადაადგილების შესახებ. ვაშინგტონში აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ინფორმაცია ჰქონდათ თურქეთის ნაბიჯის შესახებ, თუმცა ის არ ყოფილაკოორდინირებული „ისლამური სახელმწიფოს“ მოწინააღმდეგე კოალიციასთან.

XS
SM
MD
LG