Accessibility links

logo-print

აშშ კალიფორნიაში მომხდარ სროლას იძიებს როგორც ტერორისტულ აქტს


აშშ-ის სამართალდამცველების ცნობით, კალიფორნიაში, სოციალური მომსახურების სააგენტოში 2 დეკემბერს მომხდარ სროლას, რომელსაც 14 ადამიანი შეეწირა და 21 დაიჭრა, იძიებენ როგორც ტერორიზმის აქტს. ოფიციალური პირების განცხადებით, ქალი, რომელიც თავის ქმართან ერთად ეჭვმიტანილია მკვლელობების ჩადენაში, სოციალური მედიით ერთგულებას უცხადებდა ექსტრემისტულ ჯგუფ „ისლამურ სახელმწიფოს.“ პოლიციის ცნობით, წყვილის სახელებია ტაშფინ მალიკი და მისი ქმარი, სიედ ფარუკი. „ლოს-ანჯელეს ტაიმსმა“ 4 დეკემბერს დაწერა, რომ ფარუკს ასევე კონტაქტი ჰქონდა სულ მცირე ორ ექსტრემისტულ ჯგუფთან, სირიაში ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ნუსრას ფრონტის და სომალიში მოქმედ ალ შაბააბის ჩათვლით. გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, ჯეიმს კოუმიმ ჟურნალისტებს ვაშინგტონში 4 დეკემბერს უთხრა, რომ გამოძიებას მიეცა ფედერალური ტერორიზმის კვალიფიკაცია. „ამის მიზეზი ისაა, რომ გამოძიების პროცესში გამოიკვეთა მკვლელების რადიკალიზაციის და უცხოელი ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან სავარაუდო შთაგონების ნიშნებიო“, განაცხადა მან. კოუმის თქმით, არ იკვეთება ნიშნები, რომ წყვილი ტერორისტული ჯგუფის ან ქსელის წევრია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთს, ან ორივე მათგანს ჰქონდა კონტაქტი სხვა ინდივიდებთან, რომლებსაც FBI იძიებს, ეს კონტაქტები არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, რომ წყვილი ბიუროს „რადარზე“ მოეთავსებინათ.

XS
SM
MD
LG