Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო: პატრიარქის გამოსვლა არ იყო საკანონმდებლო განხილვის მოთხოვნა


საქართველოს საპატრიარქო საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა დისკუსიას, რომელიც გამოიწვია ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქციამ პატრიარქ ილია მეორის სიტყვებზე, მისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. საპატრიარქო აცხადებს, რომ ეს არ ყოფილა საკანონმდებლო განხილვის მოთხოვნა. „5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება. ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა” - ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადების ტექსტში. ამ განცხადების გავრცელებამდე ერთი დღით ადრე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა პატრიარქის სიტყვებს და განაცხადა, რომ „მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია“. ღარიბაშვილმა პრეზიდენტსა და პარლამენტს მიმართა თხოვნით ამ საკითხზე მსჯელობა დაეწყოთ. მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებამოსილება განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით და ის პრეზიდენტს აქვს მინიჭებული. უფლებადამცველთა და იურისტთა ნაწილმა პატრიარქის მოწოდება მიიჩნიასახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის პრინციპის დარღვევად.

XS
SM
MD
LG