Accessibility links

მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს ალექსანდრე ელისაშვილის მოწმის სტატუსით დაკითხვა


საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, თბილისის საკრებულოს წევრის ალექსანდრე ელისაშვილის მოწმის სტატუსით დაკითხვა. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ელისაშვილის საჯარო განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმად, ზოგიერთი პოლიტიკოსი პატიმართა შეწყალებისთვის ქრთამს იღებდა. დაკითხვის დაწყებამდე ალექსანდრე ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ საუბარია "ქართული ოცნების" რამდენიმე მაღალჩინოსანზე, რომელიც შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში მასზე ახორციელებდა ზეწოლას კონკრეტული პატიმრების შეწყალების მოთხოვნით. ელისაშვილის მტკიცებით, ამ პოლიტიკოსებს წინასწარ აღებული ჰქონდათ 200 ათასი დოლარი, კონკრეტული პატიმრების შეწყალების შემდეგ კი ნახევარი მილიონი დოლარი უნდა მიეღოთ. ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, წელიწადნახევრის წინ ინფორმაცია მიაწოდა იმჟამინდელ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს, ესაუბრა მის მოადგილეს გიორგი გოგაძეს, ასევე პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, მისი ადმინისტრაციის უფროსს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს. "წელიწადნახევრის წინ ვუთხარი და ვაპირებ დღესაც გავიმეორო მათი სახელები და გვარები, ვინც ფულს იხდიდა, ვის გამოც ფულს იხდიდნენ და ვინც ფულს იღებდა. კიდევ ერთმა ადამიანმა დამიდასტურა, რომ მზად არის, ჩვენება მისცეს" - განაცხადა ელისაშვილმა. მისივე თქმით, თუ პროკურატურა გამოძიებას ეფექტიანად წარმართავს, მზად არის, კონკრეტული მაღალჩინოსნების ვინაობა საჯაროდაც დაასახელოს.

XS
SM
MD
LG