Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურას ყველაფერი უთხრა შეწყალების საკითხში პოლიტიკოსებისაგან ზეწოლაზე


საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხეს შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს წევრი ალექსანდრე ელისაშვილი მას შემდეგ, რაც მან საჯაროდ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ზოგი მაღალჩინოსანი ქრთამს იღებდა პატიმრების შეწყალებისათვის. დაკითხვის შემდეგ, ელისაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამომძიებელს ყველანაირი ინფორმაცია მიაწოდა და გვარებიც დაასახელა: „ჩემთვის მნიშვნელოვანი არის, პირველ რიგში, რომ დაისაჯონ ის ადამიანები და გამოძიება მივიდეს ბოლომდე - ის ადამიანები, ის პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობდნენ პატიმრების გამოშვებით ფულები ეშოვათ და ამას ნაწილობრივ ახერხებდნენ ხოლმე“, - განაცხადა პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ. მან „უსირცხვილო“ და „ლაჩარი“ უწოდა მთავარი პროკურორის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს, რომლის თქმითაც „სრული სიცრუეა“ ელისაშვილის განცხადება, თითქოს ყოფილ მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს და მის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ მიაწოდა ინფორმაცია, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში, ელისაშვილზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისაგან ხორციელდებოდა ზეწოლა კონკრეტული პატიმრების შეწყალების მოთხოვნით. ელისაშვილი ახლა საჭიროდ მიიჩნევს გამოძიების დაწყებას ბადაშვილისა და გოგაძის გულგრილობის გამო. მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს შეწყალების კომისიის ამჟამინდელი თავმჯდომარე, ზვიად ქორიძეც.

XS
SM
MD
LG