Accessibility links

დადგენილია პარიზში 13 ნოემბრის თავდასხმებში მონაწილე კიდევ ერთი პირის ვინაობა


საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი აცხადებს, რომ პოლიციამ დაადგინა 13 ნოემბერს პარიზში საკონცერტო დარბაზ „ბატაკლანზე“ თავდასხმაში მონაწილე მესამე პირის ვინაობა. ეს არის საფრანგეთის მოქალაქე, 23 წლის ფუედ მოჰამად აგადი, რომელმაც თავდასხმის დროს თავი აიფეთქა. სამართალდამცველებმა მისი იდენტიფიცირება დედამისთან თანამშრომლობის შედეგად შეძლეს. ხოლო მამამ, 9 დეკემბერს გავრცელებული ცნობით, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესს“ უთხრა, რომ შვილს „მოკლავდა“ რომ სცოდნოდა, რასაც აპირებდა. ფუედ მოჰამად აგადის მამა ამბობს, რომ შვილი არ უნახავს მას შემდეგ, რაც ის ძმასთან, კარიმთან, და მეგობრებთან ერთად 2013 წელს გაემგზავრა სტრასბურგიდან სირიაში. მშობლებს მათი შვილის თავდასხმებში მონაწილეობის ეჭვი გაუჩნდათ მას შემდეგ, რაც სირიიდან მიიღეს ტექსტური შეტყობინება, რომლის თანახმადაც მათი შვილი 13 ნოემბერს „ძმებთან ერთად“ დაიღუპა, როგორც „წამებული“. დანარჩენი ორი თავდამსხმელიც, რომელმაც 13 ნოემბერს 90 ადამიანი დახოცა „ბატაკლანში“ როკ-კონცერტის დროს, 29 წლის ომარ ისმაილ მოსტაფაი და 28 წლის სამი ამიმური, სირიაში იყო ნამყოფი.

XS
SM
MD
LG