Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარყოფს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს რუსეთის სამხედრო ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით განცხადება რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა გააკეთა. "ბოლო დღეების განმავლობაში, ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს ესაზღვრება, რუსეთის სამხედრო ვერტმფრენებს არავითარი ფრენები არ განუხორციელებიათ", - აღნიშნა კონაშენკოვმა. მისი თქმით, მთელი დღის განმავლობაში საქართველოს სამხედრო უწყებას დაახლოებითაც კი არ მიუთითებია საქართველოს ის ადგილები, სადაც საჰაერო სივრცე დაირღვა. "მხოლოდ მოგვიანებით, როდესაც გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო ვერტმფრენის აჩრდილი თითქოსდა შეამჩნიეს მერეთი-ზარდიაანთკარის რაიონში, აღმოჩნდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამის შესახებ ადგილობრივი მცხოვრებლებისგან შეიტყო, რომლებმაც თავისი ხედვები რომელიღაც პოლიციელს გაუზიარეს", - განაცხადა რუსმა გენერალმა. მან ქართველ კოლეგებს ურჩია, ვიდრე სხვა დროს ხმამაღალ განცხადებებს გააკეთებენ, ობიექტურ კონტროლს დაეყრდნონ, კერძოდ კი, რადიოლოკაციურ საშუალებებს.

XS
SM
MD
LG