Accessibility links

logo-print

მოქალაქის წამების ფაქტზე გენერალ კალანდაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ ელბერტ კობერიძის წამების საქმეზე საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, გენერალ გიორგი კალანდაძეს და ყოფილ პოლიციელ გიორგი სამუშიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დანარჩენი სამ პირისთვის, აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ შეუფარდებია, – ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულთა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კობერიძის წამების საქმე გახსნილად 10 დეკემბერს გამოაცხადა. გამოძიების თანახმად, ბრალდებულებმა მოქალაქე ელბერტ კობერიძე სამხედრო პოლიციის შენობაში სასტიკად აწამეს. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული პირები კობერიძისგან ამ დროისთვის დაუდგენელი მიზნით, არარსებული ტერორისტული აქტის აღიარებას მოითხოვდნენ. საქართველოს პროკურატურის მიერ, წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. გენერალი გიორგი კალანდაძე, სავარაუდოდ, უკრაინაში იმყოფება, სადაც არმიის ხელმძღვანელობას რეკრუტების მომზადებაში ეხმარება. დავით ახალაია და მეგის ქარდავა ძებნაში არიან, რომან შამათავა სხვა საქმეზე იმყოფება პატიმრობაში.

XS
SM
MD
LG