Accessibility links

საქართველოს მთავრობა ელოდება ევროკომისიის დადებით ანგარიშს სავიზო ლიბერალიზაციაზე


საქართველოს მთავრობა ელოდება, რომ დადებითი იქნება ევროკომისიის ანგარიში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საქართველოს მიერ ვალდებულებათა შესრულების შესახებ. ევროკომისიის დასკვნა 15 დეკემბერს ბრიუსელში გამოქვეყნდება. „მთავარი, რასაც ველოდებით, არის აღიარება იმ საქმიანობისა, რომელიც ყველა უწყების ერთმნიშვნელოვან პრიორიტეტად იქნა განსაზღვრული“ - განუცხადა დღეს, 14 დეკემბერს ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ. მისი შეფასებით, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიზნით საქათველოს ხელისუფლებამ ძალიან ეფექტურად იმუშავა და წარმატებით დაასრულა მეორე ფაზაც, რომელზეც ქვეყანა შარშან ნოემბერში გადავიდა. სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა არაერთი რეფორმა, ცვლილებები შეიტანა 70-ზე მეტ კანონში და შეუერთდა არაერთ შესაბამის კონვენციას. „თუ ევროკომისია დადებით დასკვნას გამოაქვეყნებს, შემდგომ ეტაპზე პროცესი წარიმართება ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილებით დადასტურდეს ის, რაც ტექნიკური შეფასების თვალსაზრისით ევროკომისიამ ხვალ უნდა გამოაცხადოს", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.

XS
SM
MD
LG