Accessibility links

ევროკომისია, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში წარმოადგენს ანგარიშს ვიზების ლიბერალიზაციაზე


ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ევროკომისია, სავარაუდოდ, არა 15 დეკემბერს, არამედ მომავალ კვირაში წარმოადგენს ანგარიშს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის საქართველოსა და უკრაინის მიერ ვალდებულებების შესრულების შესახებ. აქამდე ევროკომისიის დასკვნას 15 დეკემბრისთვის მოელოდნენ. ჩვენი კორესპონდენტის ინფორმაციით, საქართველოს შესახებ დასკვნა მართლაც მთლიანად პოზიტიურია, მაგრამ საქართველოსთან ერთად ანგარიში უკრაინასაც ეხება და ტექსტის გამოქვეყნება ყოვნდება სწორედ უკრაინასთან დაკავშირებული შეკითხვების გამო. 14 დეკემბერს უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ევროკავშირის არც ერთ წევრს არ სურს, ჩაშალოს უკრაინასთან და საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი. ლაიჩაკმა ეს მოსაზრება გამოთქვა ბრიუსელში ევროკავშირის მინისტერიალის დაწყებამდე - ლაიჩაკი ამბობს, რომ მინისტრები ელოდებიან ევროკომისიის დასკვნას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის საქართველოსა და უკრაინის მიერ ვალდებულებების შესრულებაზე, თუმცა „ზოგადი ატმოსფერო დადებითია“. ამავე საკითხზე საუბრისას, ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ხელს შეუწყობს ევროკავშირის მეზობლად მშვიდობას და სტაბილურობას. „ვიზების ლიბერალიზაცია არის აგრეთვე ელემენტი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად, ბიზნესმენებისათვის მოგზაურების შესაძლებლობის მისაცემად, ბიზნესის საკეთებლად და ა.შ. და ამიტომ ის ჩვენს ინტერესებშიც არის. მჯერა, რომ ჩვენს ინტერესებშია, ამაში დარწმუნებული ვარ და ვფიქრობ, ამ პოზიციას იზიარებენ ჩვენი წევრი ქვეყნებიც“, - განაცხადა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.

XS
SM
MD
LG