Accessibility links

უილიამ ბრაუდერი უარყოფს, რომ მისი დავალებით შეიქმნა ფილმი რუსეთის გენერალურ პროკურორზე


კრემლის დასავლელი კრიტიკოსი, ბრიტანელი ინვესტორი უილიამ ბრაუდერი უარყოფს, რომ მისი დავალებით შეიქმნა ვიდეოფილმი, რომლითაც კორუფციაში ადანაშაულებენ რუსეთის გენერალურ პროკურორს, იური ჩაიკას და მის ოჯახს. მანამდე ჩაიკამ გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა, რომ ბრაუდერმა და „მის უკან მდგომმა უშიშროების სამსახურებმა“ გასცეს დავალება ასეთი ფილმის შექმნის შესახებ. 43-წუთიანი ვიდეო მიმდინარე თვეში ინტერნეტში გამოაქვეყნა რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ. ფილმში ჩაიკას ორი ვაჟიშვილს ბრალად უყენებენ, რომ უკანონოდ, გენერალურ პროკურორს დაქვემდებარებული პირების დახმარებით იშოვეს დიდი ფული. ჩაიკა აცხადებს, რომ ვიდეო ემსახურება რუსეთის მთავრობის დისკრედიტაციის უფრო მასშტაბურ კამპანიას. ჩაიკას მიერ ფილმის დამკვეთად მოხსენიებული უილიამ ბრაუდერი ცნობილია რუსეთის ხელისუფლების კრიტიკით მას შემდეგ, რაც 2009 წელს მოსკოვის ციხეში გარდაიცვალა ბრაუდერის მიერ დაფუძნებულ კომპანია „ჰერმიტიჯ კაპიტალის“ ადვოკატი, სერგეი მაგნიტსკი. მაგნიტსკი ამხელდა მასშტაბურ ფინანსურ მაქინაციებს რუსეთის საგადასახადო უწყებაში. მისი სიკვდილის მიზეზად მიჩნეულია ის გარემოება, რომ ციხეში სათანადო სამედიცინო დახმარების გარეშე დატოვეს.

XS
SM
MD
LG