Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიხსნა სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმი


თბილისში გაიხსნა სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმი, რომელიც ოთხ დღეს გასტანს. ფორუმში მონაწილეობის მიზნით საქართველოს ეწვივნენ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ინოვაციური დაფინანსების საკითხებში ფილიპ დუსტ-ბლაზი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იანიკ გლემარეკი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შარშან შექმნილი „სოლიდარობის ფონდი“ წელს აგვისტოში გაწევრიანდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით მოქმედ, ინოვაციური დაფინანსების წამყვან ჯგუფში. ამ თანამშრომლობის ფარგლებში თბილისში ყოველწლიურად გაიმართება სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი. „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ საზოგადოების, კერძო სექტორის და სახელმწიფოს თანამონაწილეობით აფინანსებს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობას. თბილისში სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმის გახსნისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაფუძნებიდან დღემდე „საქართველოს სოლიდარობის ფონდმა“ შეძლო 4 მილიონ 700 ათასი ლარის მობილიზება და უკვე დააფინანსა 182 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობა, მათ შორის 94-ის საზღვარგარეთ.

XS
SM
MD
LG