Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხს გამოეხმაურა


საქართველოს მთავრობის განცხადებით, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების გადადების ტექნიკური მიზეზი საქართველოს არ უკავშირდება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებს აცნობა, რომ გასულ საღამოს სატელეფონო საუბრები ჰქონდა ევროკავშირის წარმომადგენლებთან. „ჩვენთან მიმართებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. საუბარია ტექნიკურ დეტალებზე, რომლებიც ჩვენ ქვეყანას არ ეხება“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, უნდა დაველოდოთ ევროკომისიის საბოლოო ანგარიშს, რომელიც უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. ევროკომისიას 15 დეკემბერს უნდა გამოექვეყნებინა ანგარიშები საქართველოსა და უკრაინასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ. 14 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ანგარიშები დეკემბრის ბოლომდე გამოქვეყნდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ევროკავშირთან არაოფიციალური კომუნიკაციით ცნობილია, რომ ანგარიშის გამოქვეყნების ტექნიკური გადავადება საქართველოს არ უკავშირდება. "ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია, საქართველოს შემთხვევაში დასკვნა დადებითია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ის წლის ბოლომდე გამოქვეყნდება, როგორც ეს თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ“ - განუცხადა დღეს თბილისში ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა. ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ ანგარიში შესაძლოა, უფრო ადრეც, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდეს.

XS
SM
MD
LG